ბანერი #1

ფინანსური ინსტრუმენტები

იაპონური სანთლები. სტატია #2

წინა სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ იაპონური სანთლების ზოგიერთი სახეობის, ან რამდენიმე სანთლისგან შემდგარი კომბინაციის (პატერნის) გრაფიკზე გამოჩენა იძლევა ინფორმაციას ბაზრის მდგომარეობის შესახებ. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის ვარსკვლავების განლაგების მიხედვით მომავლის განჭვრეტის მცდელობის მსგავსი ქმედება, ან ყავის ჭიქაზე მკითხაობის მაგვარი ქმედება, ყოველ კონკრეტულ პატერნს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ბაზრის კონკრეტული განწყობიდან. ასე მაგალითად, ბოლო მოდელი რომელიც წინა სტატიაში განვიხილეთ იყო დოჯი. ვთქვით, რომ ტრენდის დროს დოჯის გამოჩენა მიუთითებს ბაზრის განწყობაში გაურკვევლობის გაჩენას და შესაბამისად იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ტრენდი ისეთივე დამაჯერებელი აღარ არის როგორიც დოჯის გამოჩენამდე იყო. მართლაც, დოჯი არის სანთელი გრძელი ჩრდილებით და ძალიან პატარა სხეულით, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის ინტერვალში ფასი შეიცვალა რაღაც დიაპაზონში, მაგრამ პერიოდი დაიხურა იგივე ფასზე რომლითაც გაიხსნა. ანუ ვერცერთმა განწყობამ ვერ იმარჯვა, ვერც ხარების აღმავალმა და, ვერც დათვების დაღმავალმა. ბაზარი გაურკვევლობაშია.

შემდეგი მოდელი რომელსაც განვიხილავთ არის გრძელფეხებიანი დოჯი (ნახ 2.1) . ასეთ დოჯის აქვს გრძელი ზედა და ქვედა ჩრდილები. ხოლო გახსნა-დახურვის ფასი მდებარეობს დიაპაზონის მიახლოებით შუა წერტილში, რაც ასევე მკვეთრად მიუთითებს მყიდველთა და გამყიდველთა გაუბედავობაზე. დროის ინტერვალში ფასი შეიცვალა საკმარისად დიდ დიაპაზონში, მაგრამ პერიოდი დაიხურა იგივე ფასზე რომლითაც გაიხსნა. ანუ ვერცერთმა განწყობამ ვერ იმარჯვა.

თუ ფასი იგივენაირად, შეიცვალა საკმაოდ დიდ დიაპაზონში მაგრამ სანთელის გახსნა-დახურვის წერტილი მდებარეობს დროის ინტერვალის მინიმუმზე, ან მინიმუმთან ახლოს, ასეთ დოჯის უწოდებენ დოჯი – საფლავის ქვას (ტოხბა) (ნახ 2.2). ასეთი სახელწოდება, ისევე როგორც სხვა იაპონური სახელწოდებები გამომდინარეობს ანალოგიებიდან. ამ შემთხვევაში ეს არის ბრძოლაში დაცემულების საფლავზე აღმართული ქვა, კერძოდ ხარების მცდელობა, რომ ფასი წაეყვანათ ზემოთ, დასრულდა ამ მცდელობის დასამარებით, რადგან პერიოდი დაიხურა ისევ იმ წერტილში სადაც გაიხსნა. თან ეს წერტილი არის პერიოდში დაფიქსირებული მინიმალური ფასი. რაც უფრო გრძელია ზედა ჩრდილი, მით უფრო დათვის ხასიათისაა ასეთი დოჯი-საფლავის ქვა. თუ ასეთი სანთელი ჩნდება აღმავალი ბაზრის მწვერვალთან, მას უწოდებენ ჩამოვარდნილ ვარსკვლავს და მის შესახებ საუბარი გვექნება მოგვიანებით.

Japan_Candles_2_1

დოჯი დრაკონი (ტომბო) (ნახ 2.3). ეს დოჯი წარმოიშობა, როცა ბაზარი იხსნება და იკეტება დროის პერიოდში ფასის მაქსიმუმზე, ან მაქსიმუმთან ახლოს. როგორც სხვა დოჯი, ესეც ჩნდება ბაზრის შემობრუნების ადგილებში. შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ ეს სანთელი არის კერძო შემთხვევა სხვა უფრო გავრცელებული პატერნებისა უროს და სახრჩობელასი. ტომბოს განსაკუთრებით გრძელი ჩრდილით ასევე უწოდებენ ტაკურის. ტაკური დაღმავალი ტრენდის ბოლოში არის განსაკუთრებულად ძლიერი ხარის ხასიათის მატარებელი და მიუთითებს ბაზრის ზემოთ შებრუნების შესაძლებლობას.

ოთხი იენის დოჯი (ნახ 2.4). ეს იშვიათი სანთელი წარმოიშობა როცა ოთხივე ფასი ერთმანეთს ემთხვევა. ანუ გახსნის, დახურვის, მაქსიმუმის და მინიმუმის ფასები ერთნაირია. იგი მიუთითებს აბსოლუტურ გაურკვევლობას ტრეიდერებს შორის. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დოჯი ანალიზისთვის გამოდგება ტრენდის დროს, ხოლო, განივი ბაზრის დროს მას ანალიზის ფასეულობა არ გააჩნია. ეს ხაზგასმა იმიტომ იყო საჭირო, რომ ოთხი იენის დოჯი ხშირად წარმოიშობა ბაზრის უმოძრაობის დროს და აქ მას არავითარი ინფორმაციული დატვირთვა არ გააჩნია. ხოლო ტრენდის დროს, პირიქით მისი ინფორმაციულობა ძალიან დიდია. იმდენად დიდი, რომ მისი გამოჩენისას ზოგი ტრეიდერი ინფორმაციის სისწორეს ამოწმებს, რაიმე შეცდომა ხომ არ გაიპარა ფასის შესახებ ინფორმაციაში.

ვარსკვლავი (ნახ 2.5). ვარსკვლავი წარმოიქმნება ყოველთვის, როცა პატარა სხეულიანი სანთელი ჩნდება მის წინ მდებარე გრძელი სანთელის ზემოთ ან ქვემოთ. იდეალურ შემთხვევაში იგულისხმება გრძელი სანთლის ჩრდილების ზემოთ ან ქვემოთ, მაგრამ ეს არ არის ძალიან მკაცრი მოთხოვნა. ვარსკვლავი მიუთითებს ბაზარზე არსებულ გარკვეულ გაუბედავობას. ვარსკვლავები შედიან ბევრი უფრო რთული მოდელის შემადგენლობაში, ძირითადად შემობრუნების მოდელების შემადგენლობაში. 

Japan_Candles_2_2

ქაღალდის ქოლგა ნახ 2.6). ბევრი ამ სანთლებიდან, ასევე ჩართულია რთულ მოდელებში, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ. როგორც აქამდე აღწერილი სანთლები, ქოლგასაც ახასიათებს შემობრუნების ძლიერი თვისება. ეს სანთელი ახლოს არის დოჯი-დრაკონთან. ქოლგების ორ ვარიანტს ეწოდება ურო ან სახრჩობელა, იმის მიხედვით სად მდებარეობენ ისინი ტრენდზე.

აქამდე ჩვენ განვიხილეთ ერთი სანთლისგან შემგდარი მოდელები. ასეთი მოდელები ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური სანთლებით ანალიზის დროს. როცა ანალიტიკოსი იყენებს მათ ცალკცალკე, შემდეგ კი სხვა მოდელებთან ერთად, მის წინაშე იხსნება ბაზრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

შემდეგ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სანთლისგან შემდგარ მოდელებს, რომელთაც უფრო მეტი ინფორმაციული დატვირთვა აქვთ, ვიდრე ერთეულ სანთელს.

წინა სტატია-იაპონური სანთლები. სტატია #1.
შემდეგი სტატია-იაპონური სანთლები. სტატია #3

Leave a Reply

ბანერი #2