ბანერი #1

ფინანსური ინსტრუმენტები

რა არის ფორექსი

შეიძლება ყველასათვის არ არის ცნობილი, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია ფრაზა -“Hello world”. ამ ფრაზით ხშირად იწყებენ ახალი სფეროს ახსნას ან სწავლებას, და იგულისხმება, რომ სფერო ასახსნელად არის მარტივი, ისევე მარტივი როგორც ორი სიტყვა “Hello world”. ანალოგიურად ძალიან ხშირად ფორექსის არსის ახსნა იწყება სათაურით “რა არის ფორექსი”. თქვენ არ დასვამთ შეკითხვას “რა არის ფიზიკა” ან “რა არის ასტროლოგია”, რაგდან ისეთ რთულ სფეროებს როგორიცაა ფიზიკა, ან ასტროლოგია არ უხდება შეკითხვა “რა არის”. ფორექსს კი უხდება. იმიტომ რომ აქ ყველაფერი მარტივია ასახსნელად – იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად, როგორც გორის ვაშლი, ოღონდ აქ ვაშლის მაგივრად ვალუტის ყიდვა გაყიდვას ეხება საქმე.

მაშ ასე – “Hello world” – რა არის ფორექსი
ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.

მხარის გარეშე 1000 დოლარიანი გარიგებიდან, ფასის 50 პუნქტით ცვლილების შემთხვევაში ჩვენი მოგება იქნებოდა სულ რაღაც 5 დოლარი, მაშინ როცა 1X100-თან მხარის შემთხვევაში ეს მოგება იქნება 500 დოლარი. 50 პუნქტით ფასის მოძრაობა, დღევანდელი ბაზრისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. გავმდიდრებულვართ? ასე მარტივად არაა საქმე. მხარს აქვს უარყოფითი მხარეც, 1X100-თან მხარის შემთხვევაში 100-ზე გამრავლდება როგორც მოგება, თუ ფასი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წავიდა, ასევე 100-ზე გამრავლდება წაგებაც, თუ ფასი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. და თუ ეს წაგება გაუტოლდა თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას, თქვენი გარიგება ავტომატურად დაიხურება, და თქვენ ანგარიშზე დარჩება ნოლთან მიახლოებული თანხა. ცოტა ცივი წყალი გადაგვასხეს, მაგრამ ყველაფერი სწორია, მხარი არ არის არც მოგების არც წაგების წყარო. მხარი გვეხმარება, რომ გარიგებაში მივიღოთ მონაწილეობა და მოგების და წაგების თანხა ისეთი გახდეს რომ გარიგება გარიგებად ღირდეს. აი, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ვაქცევთ მოგებად, თუ წაგებად, ეს დამოკიდებულია ვაჭრობის სტრატეგიაზე და სხვა ბევრ ფაქტორზე, რომელთა დახვეწაც ყველა ტრეიდერის პირველი ამოცანაა.

ვაჭრობა ფორექსის სისტემაში არის დიდი რისკი.
გაითვალისწინეთ რომ სავალუტო ბაზარზე მოგებული რჩება მონაწილეთა დაახლოებით 5%, დანარჩენი 95% აგებს თავის თანხას. ციფრები შეიძლება საკამათოა, მაგრამ დიდად მიახლოებული ჭეშმარიტებასთან. გარანტირებულად იგებს მხოლოდ დილერი (სადილინგო კომპანია), ისიც გარანტირებულად იგებს არა იმიტომ რომ ფორექსის სისტემაში თამაშობს, არამედ იმიტომ რომ გარანტირებულად იღებს ყველა ჩვენი ოპერაციიდან საკომისიოს. ეს არის მისი ბიზნესის მოგების წყარო. იგი ამას არც მალავს.
თუ თქვენ იმდენად ამბიციური ბრძანდებით, რომ ფიქრობთ მოგებულების 5%-ში სასწრაფოდ მოხვედრას, მაშინ თქვენ განწირული ხართ წაგებისთვის.
მაგრამ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს 5% გამდიდრდა არა გამართლების ხარჯზე, არამედ ცოდნის და გამოცდილების დაგროვების ხარჯზე, ვაჭრობის სტრატეგიის დახვეწის ხარჯზე, მზად ხართ ამას მოახმაროთ რამდენიმე წელი, სანამ დაიწყებთ ვაჭრობას რეალური თანხებით, მაშინ ეს თქვენი საქმეა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რომ სცადოთ.

და, თუ დავუბრუნდებით შეკითხვას – რა არის ფორექსი, უნდა გვესმოდეს, რომ ფორექსი არ არის კლასიკური ბირჟა, როგორც დავუშვათ ნიუ-იორკის ბირჟა, ლონდონის ან ტოკიოს ბირჟა. მას არ აქვს ერთი კონკრეტული ადგილმდებარეობა. ეს არის ელექტრონული ქსელი სადაც გარიგებები ხდება ტელეფონის ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით. ჩვენთვის, როგორც, რიგითი ტრეიდერისთვის კი, ეს არის დილერი რომლის გავლითაც და რომლის მხარის გამოყენებითაც ვაპირებთ ვაჭრობას, ეს არის კომპიუტერში ვაჭრობისათვის გათვალისწინებული პროგრამა, რომელის ფანჯარაშიც რეალურ დროში გრაფიკის სახით ჩანს სხვადასხვა ვალუტის კურსის ცვლილების გრაფიკები, ეს არის თანხა რომელსაც წინასწარ ვრიცხავთ დილერთან ჩვენს ანგარიშზე, და გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ გაყიდვის ან ყიდვის ოპერაცია. ჩვენი ბრძანება სასწრაფოდ მიეწოდება დილერს, და გვიბრუნდება პასუხი რომ შესრულდა შეკვეთილი ოპერაცია შეკვეთილი მოცულობით, ყიდვის ან გაყიდვის. თუ ყიდვის შემთხვევაში ფასი წავიდა ზემოთ, ჩვენ მოგებისკენ მივდივართ, რადგან იაფად ნაყიდს შემდეგ ძვირად გავყიდით, და პირიქით თუ წავიდა ქვემოთ, ვაგებთ. ასევე გაყიდვის შემთხვევაში, თუ ფასი წავიდა ქვემოთ ჩვენ ვიგებთ, რადგან ძვირად გაყიდული თანხიდან იაფად ყიდვისას თანხა დაგვრჩება მოგების სახით, და პირიქით, თუ წავიდა ზემოთ, ვაგებთ. ამ დროს ჩვენ ვიმყოფებით გახსნილ პოზიციაში, ანუ გარიგება გახსნილი, გვაქვს. გარიგების დახურვაც ხდება მაუსით, დილერისთვის სპეციალური შეკვეთის გაგზავნით, რომელზეც ასევე სწრაფად ვიღებთ პასუხს და აქვე ფიქსირდება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების თუ წაგების ოდენობა, შესაბამისი თანხა მომენტალურად ემატება ან აკლდება ჩვენს ანგარიშს.

ანუ ტექნიკური საშუალებები მაქსიმალურად გამარტივებულია, მთავარია რა მოქმედებებს შევასრულებთ ამ ტექნიკური საშუალებებით. მიუხედავად ამ სფეროში უამრავი ლიტერატურის არსებობისა, ფასის ცვლილების მიმართულების ზუსტი გამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ დამეთანხმებით, ეს არ არის კაზინო, რომ, ფასი ზემოთ წავა თუ ქვემოთ, დამოკიდებული იყოს აბსოლუტურ შემთხვევითობაზე. რეალურად, ნებისმიერი ვალუტის მდგომარეობა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ეკონომიკურ თუ არაეკონომიკურ ფაქტორზე, რომელთა ანალიზიც არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და ამ სამუშაო პროცესს უნდა მოყვებოდეს გადაწყვეტილების მიღება ოპერაციის შესრულებაზე.

არ შეიძლება არ ითქვას ფორექსის, ერთერთი ყველაზე მიმზიდველი თვისების შესახებ, ეს არის ლიკვიდურობა. წარმოიდგინეთ, თქვენი ბიზნესი ამ სფეროში მიდის ყოველმხრივ გამართულად, გაქვთ შესანიშნავი სტრატეგია რომელის მუდმივად იგებს თანხებს, და ერთერთი ახალი გარიგების დროს როცა შეძენილი გაქვთ გარკვეული თანხის ვალუტა გსურთ ამ ვალუტის გაყიდვა, მოგების დასაფიქსირებლად. მაგრამ, ბაზარზე მისულს არავინ არ დაგხვდათ, ან ბაზარი დაგვხდათ ადამიანებით სავსე, მაგრამ მათი თანხა არ ყოფნის თქვენს ოპერაციას. ფორექსზე ასეთი რამ არასდროს არ ხდება. ფორექსზე ყოველთვის ლიკვიდურია ვალუტა. ანუ, თუ დაფიქსირებულია X ფასი, თქვენ ამ ფასში აუცილებლად გაყიდით იმდენ ვალუტას რამდენსაც მოისურვებთ, ან იყიდით იმდენს რამდენსაც მოისურვებთ. ეს იმიტომ ხდება რომ ბაზარზე ტრიალებს ძალიან დიდი მოცულობები, და ჩვენ ბაზარის შეშფოთებას ჩვენი თანხებით ვერ მოვახერხებთ, ისევე როგორც ვერ შევცვლით ზღვის დონეს ერთი ჭიქა წყლის ამოღებით ან ჩამატებით.
ეს ლიკვიდურობა უდაოდ მიმზიდველია ტრეიდერებისთვის, რადგან არ ქმნის დამატებით საზრუნავს ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობაზე და საშუალებას იძლევა მთლიანად მოხდეს კონცენტრირება მხოლოდ კურსის პროგნოზირებაზე.

11 კომენტარი სტატიაზე: “რა არის ფორექსი”

  1. avatar
    Boss says:

    ძაან საინტერესო იყო.. გმადლობთ.

    დიდი ხანი ველოდებოდი ამ საიტის გაშვებას..

  2. avatar
    myforexge says:

    გმადლობთ, Boss, კომენტარისთვისაც და სხვა დახმარებისთვისაც!

  3. avatar
    matasi says:

    საინტერესო საიტია, კიდევ ბევრი რაღაცეების გაგება მაინტერესებს და მომავალში ალბათ გავიგებ. გმადლობთ

  4. avatar
    გიო says:

    საინტერესო ნამდვილად კი არის , მაგრამ სისტემა ყოველთვის იმისთვი სიქმნება რომ საკუთარი ფუნქციონირებით შემოსავალი მოიტანოს, რატომღაც არ მგონია ეს ხალხის გასამდიდრებლად იყო შექმნილი, თუმცა კარგია რომ 5% ზე იყო სწორად ნათქვამი, ფორექსი ეს ნამდვილად ამბიციური და რისკიანი + მცოდნე ხალხის საქმეა :) წარმატებებს გისურვებთ ყველას

  5. avatar
    მიშა says:

    დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა :)

  6. avatar
    ლაზიკელი says:

    უპასო სასწავლო ანგარიშის მიღება თუ არის შესაძლებელი ,,დომენ ანგარიშის,, ?

  7. avatar
    myforexge says:

    სასწავლო ანგარიშის მიღება ამ საიტზე არაა. აქ ანგარიშები საერთოდ არაა და ვაჭრობაც არ ხდება.
    ნებისმიერ ბროკერს აქვს დემო ანგარიშის გახსნის საშუალება.

  8. avatar
    გიორგი says:

    თბილისში თუ არის ფორექსის ცენტრი და ანგარიშის გახსნას და ვაჭრობას თუ შევძლებ სახლიდან გასვლის გარეშე და დილერებთან რეკვის გარეშე, ანუ არავინ რომ არ ჩაერიოს ჩემს საქმეში?

  9. avatar
    myforexge says:

    დილერთან რეკვა საჭირო არ არის. შეგიძლია დარეკვითაც, მაგრამ ინტერნეტ საშუალებებითაც ხდება (ძირითადად) ანგარიშის შევსება და თანხის გამოტანა.

    თბილისში არ ვიცი თუ არის. რომც იყოს, მე არ ვენდობოდი.

  10. avatar
    ილია says:

    რისკიანია ძალიან ამას ისევ ტოტალიზატორი ჯობია იქ უფრო დიდი შანსი გაქვს მოგების … ცხოვრება თამაშია ხან მოიგებ ხან წააგებ :))

  11. avatar
    პლატონ says:

    – დავუშვათ გავხსენი ანგარიში ” *000 $ ” -ის რაოდენობით ,რომელი ქვეყნის ბროკერი იღებს პასუხისმგებლობას?

    – რომელი პლატპორმით მუშაობთ?

    – არის თუ არა ინფორმირებული საგადასახადო ?

    – რა % -ზე მუშაობთ?

Leave a Reply

ბანერი #2